კაუკასუს ფაინენშიალ სერვისის

logo
  • შერწყმა / შეძენა, ობლიგაციები, აქციები
  • ფასიანი ქაღალდები, სტრუქტურული ფინანსები
  • გლობალური ფასიანი ქაღალდების საბროკერო
  • რისკების მართვა
  • საინვესტიციო რჩევები, კონსულტაცია, ტრენინგი
caucasusfinancial.com
გააზიარე:

კაუკასუს ფაინენშიალ სერვისის

კაუკასუს ფაინენშიალ სერვისის (CFS საინვესტიციო ბანკი) დაარსდა 2005 წელს ქართველი და ამერიკელი პარტნიორების მიერ.

კომპანია შექმნის დღიდან წარმოადგენდა უპრეცედენტო ინფრასტრუქტურულ მექანიზმს, რომელსაც კაპიტალის ბაზრის პროდუქტებისა და მომსახურების ფართო სპექტრის შეთავაზების გზით, თავისი წვლილი შეჰქონდა ადგილობრივი კაპიტალის ბაზრის ფორმირებასა და განვითარებაში.

CFS საინვესტიციო ბანკი ოთხ ბიზნეს ხაზს ანვითარებს, რათა მოახდინოს ადგილობრივ ბაზარზე კაპიტალის ბაზრის პროდუქტებსა და მომსახურებაზე არსებული ლატენტური მოთხოვნის რეალიზება, ამ პროდუქტების და მომსახურების ფაქტობრივი შეთავაზების გზით. ეს ბიზნეს ხაზებია: 1. საინვესტიციო საბანკო და კაპიტალის ბაზრის პროდუქტები; 2. საინვესტიციო ფონდი; 3. ფასიანი ქაღალდების საბროკერო (ლოკალური და გლობალური) და აქტივების მართვა; 4. ფინანსური კონსალტინგი.

ბოლო წლებში, სტაბილურობისა და ეკონომიკის სწრაფი ზრდის შედეგად, აუცილებელი გახდა განვითარებულიყო ადგილობრივი კაპიტალის ბაზარი - როგორც უფრო მოქნილი, იაფი და ეფექტური შუამავალი კაპიტალის მომწოდებლებსა და მის მომხმარებლებს შორის. CFS საინვესტიციო ბანკს საქართველოში შემოაქვს საერთაშორისო გამოცდილება და პირველად ნერგავს თანამედროვე კაპიტალის ბაზრის პროდუქტებსა და სერვისებს, რითაც ხელს უწყობს ქართული კაპიტალის ბაზრის განვითარებას და უფრო მიმზიდველს ხდის მას უცხოელი ინვესტორებისთვის.

საინვესტიციო საბანკო მიმართულების ფარგლებში, CFS სთავაზობს კორპორატიული შერწყმისა და შესყიდვის (M&A), საკრედიტო და წილობრივი ინსტრუმენტების მომზადების, ემისიის, განთავსების, მართვის და აგენტირების, პროექტის ფინანსირების მომზადების და მოძიების მომსახურებებს. კორპორატიული შერწყმისა და შესყიდვის მომსახურება ტრანზაქციის ყველა ფაზას მოიცავს, მათ შორის და არა მხოლოდ: სამიზნის ძებნა და იდენტიფიცირება, შესწავლა/აუდიტი, შეფასება, მოლაპარაკება და შესრულება. საკრედიტო და წილობრივი ინსტრუმენტების ემისიის და განთავსების მომსახურების მეშვეობით, CFS ეხმარება კომპანიებს გაფართოებისა და განვითარების საჭიროებებისთვის ფინანსური რესურსის მოზიდვაში. მაგალითისთვის, CFS წარმოადგენდა წამყვანი ქართული ბანკებისათვის ევრო ობლიგაციების ემისიის მომზადების მთავარ მენეჯერს. ასევე აშკარა ხდება მზარდი მოთხოვნის ტენდენცია ლოკალური საკრედიტო ფასიანი ქაღალდების ემისიაზე. CFS-მა, როგორც მთავარმა მენეჯერმა და განთავსების აგენტმა წარმატებულად განახორციელა ორი ადგილობრივი დაბრუნებადი (putable) კორპორატიული ობლიგაციის ემისია და განთავსება ელიტ ელექტრონიქსისთვის. ეს გახლდათ საქართველოში არასაფინანსო ორგანიზაციის მიერ კორპორატიული ობლიგაციის ემისიის პირველი და ჯერჯერობით ერთადერთი პრეცედენტი.

კაპიტალის ბაზრის პროდუქტების მიმართულების ფარგლებში, CFS უზრუნველყოფს წვდომას გლობალურ კაპიტალის ბაზარზე ფიქსირებული შემოსავლის, წილობრივი, სავალუტო გაცვლის და სასაქონლო ფასიანი ქაღალდების ფართო სპექტრზე, ასევე სტრუქტურული ფინანსების და სექიურიტიზაციის პროდუქტებზე და მომსახურებაზე. CFS იყო პირველი, რომელმაც შესთავაზა ინოვაციური ფინანსური ინჟინერიის პროდუქტი - ადგილობრივი კომპანიების ჯგუფის კოლექტიური დაფინანსება ამ კომპანიების ახალი სასესხო ვალდებულებების პორტფელის სექიურიტიზაციის გზით.

CFS საინვესტიციო ბანკმა, როგორც მასტრუქტურირებელმა (structurer), მთავარმა მენეჯერმა და განთავსების აგენტმა, წარმატებით განახორციელა რეგიონში პირველი საჯარო კოლატერიზებული სავალო ობლიგაციების (Collateralized Debt Obligations - CDO) ემისია და განთავსება ადგილობრივი საკრედიტო აქტივების შემქმნელი კომპანიისთვის. ამ ფასიანი ქაღალდების (აქტივებით უზრუნველყოფილი ვადაზე ადრე განაღდებადი ობლიგაციები) სრულად და დროულად დაფარვის შემდგომ, ინვესტორების მოთხოვნის საფუძველზე განხორციელდა მათი ახალი ემისია და თავიდან გაიყიდა კერძო განთავსების ფორმით.

CFS საინვესტიციო ფონდის ბიზნეს ხაზი ჩართულია კოლექტიური საინვესტიციო საშუალებების განვითარებაში, რაც მცირე და საშუალო ზომის ინვესტორებს ინვესტირების საშუალებას აძლევს. ამ ბიზნეს ხაზის ფარგლებში CFS-მა ჩამოაყალიბა უძრავი ქონების საინვესტიციო ფონდი (REIF), რომლის მეშვეობითაც, მცირე ინვესტორებს შესაძლებლობა მიეცათ შეეძინათ მცირე ზომის, უძრავი ქონების თუნდაც ერთი კვადრატული მეტრი და დაეკავებინათ წილობრივი პოზიცია სწრაფი ტემპებით მზარდ ადგილობრივი უძრავი ქონების ბაზარზე.

CFS საბროკერო და აქტივების მართვის მიმართულება ემსახურება, ფიზიკურ პირებს და ორგანიზაციებს. CFS საინვესტიციო ბანკი, როგორც საქართველოს საფონდო ბირჟის აქციონერი წევრი და ეროვნული ბანკის მიერ ლიცენზირებული საბროკერო კომპანია, რომელსაც უფლება აქვს ვაჭრობა განახორციელოს საქართველოს საფონდო ბირჟაზე, თავის კლიენტებს სთავაზობს სრულ და „დისკონტირებულ“ საბროკერო მომსახურებას ადგილობრივ ბაზარზე. კომპანია ასევე სთავაზობს გლობალურ საბროკერო მომსახურებას, რომლის საშუალებითაც, ფიზიკურ პირებსა და ორგანიზაციებს საშუალება ეძლევათ თავიანთ ანგარიშებზე ივაჭრონ გლობალური ფასიანი ქაღალდების, სასაქონლო და სავალუტო ბირჟებზე მსოფლიოს მასშტაბით, მათ შორის: ნიუ იორკის საფონდო ბირჟაზე, NASDAQ-ზე, ლონდონის საფონდო ბირჟაზე, ტოკიოს საფონდო ბირჟაზე და მრავალი სხვა (წვდომა დაახლოებით 50 წამყვან საფონდო ბირჟაზე). შეთავაზებულია პროდუქტების სრული სპექტრი: აქციები, ბონდები, სავალუტო გაცვლის პროდუქტები, სასაქონლო და ენერგომატარებლების ფასიანი ქაღალდები, ფონდების აქციები, შესაბამისი ინდექსები, ფიუჩერსები, ოფციონები.

CFS ფინანსური კონსალტინგის მიერ განხორციელებულ პროექტებს შორის, განსაკუთრებული ადგილი უჭირავს ბაზელი II-ის რეკომენდაციებთან სრულ შესაბამისობაში, ფინანსური რისკის მართვისა და კონტროლის ინფრასტრუქტურის განვითარებას ადგილობრივი კომერციული ბანკისთვის.

CFS საინვესტიციო ბანკი არის იურიდიული ფირმის CFS Legal გულედანი & პარტნიორები -ს დამფუძნებელი (კომანდიტური) პარტნიორი. ეს კომპანია მოიცავს კორპორატიული და ბიზნეს სამართლის სფეროს ფართო სპექტრს, განსაკუთრებული ექსპერტიზა გააჩნია ფინანსურ და ფასიანი ქაღალდების სამართალში. CFS საინვესტიციო ბანკთან პარტნიორობის და შესაბამისი სინერგიის გათვალისწინებით კომპანია კლიენტებს სთავაზობს უნიკალურ ექსპერტიზას კორპორატიული ფინანსების, ასევე წილობრივი და სავალო ფასიანი ქაღალდების ტრანზაქციებში.

ადგილობრივი კაპიტალის ბაზარი თავის ადრეულ, მაგრამ სწრაფი განვითარების ფაზაში შედის და CFS საინვესტიციო ბანკი სწორად არის პოზიციონირებული, რათა მიიღოს ახალი გამოწვევები და გააძლიეროს ლიდერის პოზიცია ბაზარზე.

extra photo extra photo